Tuesday, February 19, 2013

ბავშვობა და დაწყებითი განათლება


   ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი დაიბადა გურიის- მაშინდელ ქუთაისის გუბერნიის  ოზურგეთის  მაზრის- სოფელ ლიხაურში, ოფიციალური ცნობით 1863 წლის 5 ივნისს,, ხოლო თვითონ ე.თაყაიშვილის შენიშვნით, შესაძლოა ამაზე ერთი წლით ადრე.აღნიშნულია, რომ მისი დაბადება ჩვეულებრივი წესით არ უზეიმიათ- თოფი არ გაუსვრიათ, რადგან ბავშვის  მამა სულს ღაფავდა და იმავე დღეებში გარდაცვლილა კიდეც.
    აზნაური სიმონ ნიკოლოზის ძე თაყაიშვილი  ჩინოსანი-კორდონის ოფიცერი-საზღვრის მცველი ყოფილა მაშინდელ გურია-ოსმალეთის ხაზზე. მან მამამისი-ნიკოლოზი შეცვალა ამ თანამდებობაზე. აღნიშნავენ,  რომ შვილიც კარგად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას,მთავრობის სათანადო ჯილდოები დაემსახურებინა და სოფელშიც „ჭკვიანი, დინჯი, სამართლიანი და ნასწავლი კაცის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი“. კარგი პატრიოტიც ყოფილა.
   ექვთიმეს დედა,  თავად გიტიელი (გიტო) ნაკაშიძის ასული ნინო მაზრის მოწინავე ქალთა შორის მოიხსენიება.
    არაერთხელ აღუნიშნავს ექვთიმეს: ხუთი წლის ვყოფილვარ, რომ დედის გვერდიდან ავუყვანივარ ბებიას.დედა გარდაცვლილიყო და მე კი ისიც არ ვიცოდი, რას ნიშნავდა სიკვდილი. უფრო ის დამამახსოვრდა,რომ ტიროდნენ და ამბობდნენ: რა ეშველებათ  ამ ობლებს!
     ექვთიმეს ახლობელი იყო დიმიტრი -მამა  სახალხო არტისტის სესილია თაყაიშვილისა.
    მამის გარდაცვალების გამო ექვთიმესა და მის და-ძმებს მზრუნველად დაუნიშნეს  სიძე-სიმონ გოთუა.ბავშვებს, განსაკუთრებით კი ექვთიმეს, ბებია და მაკა მამიდა უვლიდა. განსაკუთრებითო, ვამბობთ იმიტომ, რომ ძმა ვარდამი, რომელიც 10 წლით უფროსი იყო ექვთიმეზე , ადრე გაუგზავნიათ კადეტთა კორპუსში.
   ბებია ექიმბაშობდა და  მაზრაში პატივსაცემ  ქალად ყოფილა მიჩნეული.ექვთიმესაც ახსოვდა ბებიას მიერ ზოგი წამლის დამზადები წესი.
  მამიდებში ექვთიმე მაკას გამოარჩევს, რომელმაც ზეპირად იცოდა „ვეფხისტყაოსანი“. თხზავდა ლექსებს და იცოდა ქორონიკონი.
  მიუხედავად  ბევრი მზრუნველისა,  ექვთიმემ ბავშვობაში  ფეხი მოიტეხა და ამის გამო იგი მთელი ცხოვრების მანძილზე ხელჯოხზე დაყრდნობით დადიოდა.
   ბავშვობაში საკმაოდ ხელმომჭირნედ ზრდიდნენ და მხოლოდ მაშინ, როცა ის ოზურგეთის სასწავლებელში შეუყვანიათ, მამიდას შეუკერავს ახალუხი.
  სახელმძღვანელოებიც კი არ ჰქონია ექვთიმეს.სამაზრო სასწავლებელში ყოფნისას იმახსოვრებდა იმას, რასაც ზეპირად მოუთხრობდათ მასწავლებელი.
  7-8 წლის ე. თაყაიშვილი 1869 წელს  ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელის მოსამზადებელ კლსში შეიყვანეს. ოზურგეთის სასწავლებლის მოწაფე  ექვთიმეზე  საუკეთესო შთაბეჭდილება მასწავლებელ იოსებ თაყაიშვილს მოუხდენია.
  ოზურგეთის სამაზრო სასწავლებლის მოსამზადებელ კლასებში ორი წელი დაყვეს ნ.მარმა და ე.თაყაიშვილმა.
  1874 წელს,  ექვთიმე რომ მე-3 კლასში გადადიოდა, სამაზრო სასწავლებელი საქალაქოდ გადაკეთდა.ობოლს კვლავ რომ ოთხი წელი არ დასჭირვებოდა, იგი იმავე 1874 წელს ფოთის სამაზრო სასწავლებელში ჩაარიცხვინა მზრუნველმა სიძემ. ეს მესამე კლასიც წარმატებით დაასრულა და 1875 წელს ლიხაურში დაბრუნდა, ჩაერთო სოფლის შრომა გართობებში.
   ექვთიმეს ყურადღებას ჯერ კიდევ მაშინ იქცევდა სოფლის ისტორიული ძეგლები.1873 წ. ისტორიკოსი დ.ბაქრაძე ჩასულა ს.ლიხაურში და ღამე ექვთიმეს ბიძა-ქაიხოსრო თაყაიშვილთან გაუთევია.მისი ჩასვლა ყოფილა ერთ-ერთი საბაბი ექვთიმეს არქეოლოგიით დაინტერესებისა.

No comments:

Post a Comment