Tuesday, February 19, 2013

მოპოვებული ინფორმაცია ექვთიმეს მდივნის ოჯახის ახლობლისაგან

   
  
 შევხვდით და ვესაუბრეთ ქ. საგარეჯოში მცხოვრებ ქალბატონ ლეილა არჩემაშვილს, ეს უკანასკნელი არის ექვთიმეს მდივნის მანანა მჭედლიშვილის ოჯახის ახლობელი.

  
  ქალბატონმა ლეილამ გაიხსენა მამის მონაყოლი და გადმოგვცა გაზეთიც.

 
მანანა  მჭედლიშვილი
            საგარეჯოელი ქალი - ლევილში  ექვთიმე  თაყაიშვილის  პირადი    მდივანი
  საგარეჯოელ  ახალგაზრდა  ცოლ-ქმარს  ვასილ მჭედლიშვილს და თამარ კურდღელაშვილს  1921 წლის  8 მარტს  მანანა  შეეძინათ.
  რა  იცოდა  მაშინ  სამი  წლის  გარეჯელმა  გოგონამ, რომ   20  წლის  შემდეგ საფრანგეთში  მოხვდებოდა , ლევილში მოხუც პროფესორს ექვთიმე თაყაიშვილს მოუვლიდა და გვარ-სახელს   მანანა  მჭედლიშვილს  ისტორია  შემოინახავდა.
   ეს ყველაფერი  კი  მოხდა  მას  შემდეგ,  რაც 20 წლის  მანანამ  გადაწყვიტა  ფრონტზე  მოხალისედ წასვლა. 1942 წლის აპრილში  ახდა მისი ოცნება და გაიწვიეს ჯარში.
  იგი  გახლდათ  56-ე არმიის 83-ე სამთო-მსროლელი დივიზიის 35-ე ათასეულის მესამე ასეულის  სანინსტრუქტორი. ექვსი თვის განმავლობაში ფრონტის წინა ხაზზე  იყო. თავისი  სიცოცხლის  ფასად  ათასობით დაჭრილ მეომარს  შეუნარჩუნა სიცოცხლე.
   ნოვოროსიისკთან  ახლოს  ფეხში  მძიმედ დაჭრილი, ორ ამხანაგთან ერთად  გერმანელებს  ტყვედ  ჩაუვარდა.
   ტყვე ბერლინში ჩაიყვანეს,  სადაც  კერძო  კლინიკაში  ექთნად  დაიწყო მუშაობა. აქედან ის სხვა ტყვეებთან  ერთად  გადაგზავნეს საფრანგეთში  და მუშაობა  დაიწყო   ლევილში  ქართველ  მამულიშვილთან და მეცნიერთან ე. თაყაიშვილთან.
                                          ს ა ფ რ ა ნ გ ე თ შ ი
  მარტოხელა  მოხუცი,  81 წლის  დაუძლურებული პროფესორი, ე.თაყაიშვილი  თავს ძალას  ატანდა და  გაჭირვების მიუხედავად,  მეცნიერულ   მუშაობას  განაგრძობდა. 1921 წელს  მენშევიკური მთავრობის მიერ წაღებული  სამუზეუმო  განძეულობის  უკან დაბრუნებაზე ფიქრობდა დღედაღამ. ომის  მძიმე  წლებში  მისი უმეთვალყურეოდ დატოვება   არ შეიძლებიოდა  და გარეჯელმა  ქალიშვილმა,  მანანა მჭედლიშვილმა ,  ეს  მისია იტვირთა. იგი ლევილში  ბატონ ექვთიმესთან  პირად მდივნად მუშაობდა, იქვე ცხოვრობდა და  მამასავით  უვლიდა მეცნიერს. 
  მოხუც პროფესორს ძალიან უყვარდა  შვილობილი და ხშირად ეუბნებოდა : „მჯერა, რომ შენთან ერთად  ვეღირსები  დიდი  ხნის  უნახავი სამშობლოს ხილვას. მშობლიური  მიწა  პირველმა  შენ  უნდა  დამაყარო  გულზე.“
   ე.თაყაიშვილი კარნახობდა  და  ისე  აწერინებდა  მანანას  ქართულ- ისტორიულ თემებზე  ნარკვევებს. ფრანგულიდან  ქართულ  ენაზე  ნათარგმნებს.
   დაუდგომელი ხასიათის ქალი იყო  მანანა: 1944 წლის  აგვისტოში  ბატონი  ექვთიმე  მოსავლელად  დროებით  მეზობლებს  ჩააბარა და თვითონ , როგორც  საბჭოთა  პატრიოტების  კავშირის  იატაკქვეშა  ჯგუფის საქმიანობის  მონაწილე, პარიზის აჯანყებაში  მონაწილეობის მიზნით  წასასვლელად მოემზადა, თან  ექვთიმეს მიტოვება  ეძნელებოდა. _ „აჯანყება დაიწყო?!“ - მოხუც  პროფესორს  სიხარულის ცრემლი  წამოუვიდა, მანანას მიაჩერდა  და  ღიმილით განაგრძო - წადი შვილო, წადი, საკვეხნად  და იმედად  შენი სიყოჩაღე  მეყოფა  ჩემო კარგო მანანა. იცი რა? მიხარია და მეამაყება , რომ  ქართველი  ქალიშვილი  პარიზის გათავისუფლების მონაწილე ხდები“... ( ალ. გუჯაბიძე - „ქართველი პარტიზანები საფრანგეთში“  თბ.გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ 1971 წ.. გვ. 134). 
    ეს თქვა მოხუცმა, აკანკალებული და დაძარღვული ხელებით  ჯერ ცრემლი  მოიწმინდა და მერე  მანანას  გაუწოდა  დასამშვიდობებლად.
   1945 წლის  5 აპრილს  პროფესორი  ე.თაყაიშვილი  პარიზში  წაღებული ძვირფასი  განძეულობითურთ  თბილისში    ჩამოფრინდა.  მისი შვილობილი მანანა კი 1945 წლის  სექტემბერში  დაბრუნდა საქართველოში და მაშინვე  მოინახულა  მამობილი.
    1953  წლის  თებერვლიდან  ე.თაყაიშვილის საფლავზე  ხშირად  დადიოდა მანანა.  მხცოვანი ადამიანისადმი მიცემული სიტყვა - არამცთუ სიცოცხლეში, სიკვდილის შემდეგაც არ მოგაკლებ ყურადღებასო- არ გაუტეხავს.
                                                                   ლეილა არჩემაშვილი
                                       (გაზეთი - „საქართველოს რესპუბლიკა“,  სამშაბათი,
                                                                            7 მარტი 2006  წელი,   #47)

No comments:

Post a Comment