Tuesday, February 19, 2013

იმ დღის გმირი


იმ დღის გმირი
ერთ დღეს- ეს იყო 11 აპრილი-მუზეუმში ატყდა ჩოჩქოლი, ხმა გავრცელდა: -განძი მოიტანესო.
   მუზეუმის ეზოში საბარგო მანქანებმა შემოაგრიალეს საფრანგეთიდან დაბრუნებული ქართული საუნჯე, რომელმაც თითქმის საუკუნის მეოთხედი დაჰყო უცხოეთში. განძს მცველად მოჰყვა საბჭოთა ოფიცრების ფორმაში გამოწყობილი ორი ახალგაზრდა. ჟორდანია ამბობს : -რას ვიფიქრებდი, თუ დაახლოებით 28 წლის შემდეგ მომიხდებოდა მათი ახლოს გაცნობა და საუბარი ჩამოტანილ საუნჯეზე.
საუნჯე მოათავსეს საქართველოს მუზეუმში NO3 სეიფში, რომელიც მაშინ „მეტეხის“ მუზეუმის დროებით სარგებლობაში იმყოფებოდა.
   სამი დღის შემდეგ, 14 აპრილს, საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭომ გამოიტანა დადგენილება საფრანგეთიდან სამშობლოში დაბრუნებული განძეულობის მიმღები კომისიის შექმნის შესახებ. ამ სამუზეუმო ფასეულობათა მიმღები კომისიის თავმჯდომარე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი სიმონ ჯანაშია, წევრები: საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე ვ. მგალობლიშვილი, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი  ა.აფაქიძე .  საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ლიტერატურისა და  ხელოვნების სექტორის გამგე ს.ჭილაია და საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორი შ.ამირანაშვილი. სახკომსაბჭომ დაავალა კომისიას სამუზეუმო ფასეულობათა მიღების აქტისა და მუზეუმებს შორის  განძეულობის  განაწილების პროექტის წარმოდგენა.
დაუვიწყარია გამოფენის გახსნის დღე. ეს იყო  1945 წლის 15 აგვისტო. გამოფენის გახსნას წინ უძღოდა მთავრობის კომისიის თავმჯდომარის სიმონ ჯანაშიას მოხსენება. შემონახულია ამ მოხსენების სტენოგრაფიული  ჩანაწერი.
საყურადღებო  ისტორიაა განძეულობის მოგზაურობისა და მისი დაცვა სასაზღვარგარეთის სხვადასხვა პუნქტში, - თქვა მომხსენებელმა. - ამ ისტორიის ვრცლად და დასაბუთებულად მოსახსენებლად ამჟამადმე, სამწუხაროდ, მასალები არ გამაჩნია,თავის დროზე ეს ისტორია დაიწერება. ერთი შეიძლება ახლა ითქვას, რომ განძეულობამ გამოიარა სრულიად განსაკუთრებული ოდისეა, ვიდრე თავის ნამდვილ პატრონს დაუბრუნდებოდა ამა თუ იმ სახით...“
 ს.ჯანაშიას მიერ ნახმარი ეს გამოთქმა - „განძეულობის  ოდისეა“ შემდეგ შემოვიდა ხმარებაში.


No comments:

Post a Comment